მედიის ინსტიტუტი საჯარო სექტორში დასაქმებულთა წინააღმდეგგანხორციელებული დევნის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

306 Views

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული დევნა საჯარო სექტორში დასაქმებული პირების წინააღმდეგ.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს, დაახლოებით, 700 პირი, რომელთა დიდმა ნაწილმაც ერთობლივ განცხადებაზე ხელის მოწერით გამოხატა საკუთარი პოზიცია ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით.
გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებთან მედიის ინსტიტუტის მიერ 2025 წლის ივნისში ჩატარებული ინტერვიუების მიხედვით, ყველა რესპონდენტი გათავისუფლებას პირდაპირ უკავშირებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
2024 წლის 4 დეკემბერს, პარტია „ქართულმა ოცნებამ” „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დააინიცირა, რამაც, მედიის ინსტიტუტის ანგარიშის თანხმად, განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა პოლიტიკური შეხედულების ნიშნით საჯარო სექტორში დასაქმებულთა დევნის და მათი გათავისუფლებისთვის ფორმალური საფუძვლის შექმნა განაპირობა.
ამასთან, ანგარიში მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურეთა ამგვარი გათავისუფლება სახელმწიფო პოლიტიკის გაცხადებულ ნაწილად იქცა, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირებას. ეს არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს. ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე შესაბამისი ფუნქციების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ.

მედიის ინსტიტუტის შესახებ:

მედიის ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციაა,
რომელიც ხელს უწყობს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას,
საყოველთაოდ აღიარებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას და
ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საკონტაქტო პირი: ეკა მიქელაძე,
მედიის ინსტიტუტი, 599854722
e.mikeladze@mediainstitute.ge
info@mediainstitute.ge

No comments