მუდმივი ზეწოლა სამოქალაქო აქტივისტობის გამო

702 Views

ავტორი: ეკა ქობესაშვილი

საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შედარებით მეტი უფლების დარღვევის ფაქტი ვლინდება, ვიდრე ქალაქებსა თუ უმრავლესობით დასახლებულ რეგიონებში. აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი არაერთია, ხელისუფლებისა და მათი წარმომადგენლების პასუხისმლებლობიდან დაწყებული, რიგითი ადამიანების სტერეოტოპული აზროვნებით დამთავრებული.

იმისათვის, რომ დაიცვა საკუთარი თავი, უნდა იცოდე შენი უფლებები. თუმცა, სამწუხაროდ, უფლებებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ ცოდნა ჩვენს საზოგადოებაში არცთუ ისე საკმარისია. არსებული საკითხი უფრო მეტად პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, სადაც სამოქალაქო აქტივისტების და უფლებადამცველების ყოფნა არსებითად მნიშვნელოვანია, მაგრამ, მეორე მხრივ, ხშირ შემთხვევაში, თვითონ სამოქალაქო აქტივისტები ხდებიან-ხოლმე დევნის და ზეწოლის მსხვერპლნი.

ერთ დღეს, ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა, აზერბაიჯანელმა ქალბატონმა, ტელეფონის საშუალებით დახმარების თხოვნით მომმართა და შეხვედრა მთხოვა. ჩვენი შეხვედრა მეორე დღესვე შედგა. პირადად გაცნობის შემდეგ, ქალბატონ მელინას (შეცვლილი სახელი) თავისი პრობლემის შესახებ ვკითხე, რაზეც გაეღიმა და მითხრა: “ძალიან ძნელია სამოქალაქო აქტივისტი აზერბაიჯანელი ქალის ცხოვრება მხოლოდ ერთ პრობლემურ საკითხად ვაქციო და ისე გადმოვცე. პრობლემა ბევრია. ერთია, ცდილობდე დაიცვა სხვისი უფლებები და მეორეა, საჯაროდ გამოგქონდეს ყველა ის პრობლემა, რაზე ღიად საუბარიც შეიძლება, მიუღებელი აღმოჩნდეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის”. ამ სიტყვებით, ჩემთვის გასაგები გახდა, რას გულისხმობდა ქალბატონი მელინა და შევთავაზე, თავისუფლად ესაუბრა ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც მას აწუხებდა. ჩვენი შეხვედრა ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.

მარნეულში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ქალი, წლებია, ცდილობს, დაიცვას თავის რეგიონში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებები. ღიად საუბრობს რეგიონში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე და სხვადასხვა სახის პრობლემაზე. აღნიშნულის გამო, ქალბატონ მელინას ხშირად უწევს არა მხოლოდ სახელმწიფო და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან დაპირისპირება, არამედ მათთან დაახლოებულ, მის თემში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ქალბატონი მელინა, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ გააფრთხილეს, რომ გაჩუმებულიყო და ნუ ერეოდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო, მაგრამ ბევრი სიძნელის და ზეწოლის მიუხედავად, მას არ ეშინია ამის კეთება, დაეხმაროს მოქალაქეებს და დაიცვას სხვისი უფლებები.

რეგიონში არსებული პრობლემებიდან მელინასთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა. იგი ყოველთვის ცდილობს, გაიგოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალბატონების შესახებ ინფორმაცია და დაეხმაროს მათ. მელინა, მისთვის ცნობილი ყოველი ქალის ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის პოლიციას და საქმეში რთავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. აღნიშნული აქტიურობის გამო, მოძალადეები მელინას მისამართით არ იშურებენ მუქარის ტექსტებს და მისთვის მტრული გარემოს შექმნას ცდილობენ.

სამოქალაქო აქტიურობასთან ერთად, საკუთარი ოჯახის უზრუნველსაყოფად, მელინა ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 2017 წლის მარტის თვეში, მელინას პროდუქტით დატვირთული საკუთარი მიკროავტობუსი ერთი ღამით უნდა გაეჩერებინა მარნეულში. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ არაერთი გაფრთხილება და მუქარა იყო გაჟღერებული, მელინა სიფრთხილით მოეკიდა საკითხს და დატვირთული მიკროავტობუსი გააჩერა გარე სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ მანრეულის პოლიციის შენობასთან. თუმცა, შედეგი არც მელინას ასეთმა სიფრთხილემ არ გამოღო და, იმავე ღამეს, მისი მიკროავტობუსი დაწვეს.

მელინას კუთვნილი მიკროავტობუსის დაწვის ფაქტზე პოლიციამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ხუთი წელია, გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვინ დაწვა პოლიციის შენობის წინ მდგარი მიკროავტობუსი. საქმეზე გამოძიება მხოლოდ ფორმალურად, საგამოძიებო მოქმედებების გარეშე ამ დრომდეც მიმდინარეობს.

მელინას განცხადებით, აღნიშნული დანაშაული უკავშირდება მის სამოქალაქო აქტიურობას და ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტი, რაც მის მიმართ შურისძიების და მისი დაშინების მიზნით განახორციელეს. მაგრამ ამდენი ზეწოლის, დაშინების და დევნის მიუხედავად, მელინა კვლავ აგრძელებს თავის თემში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვასა და დახმარებას. ფიქრობს, რომ ის სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს. ასევე, რაც უფრო მეტი სამოქალაქო აქტივისტი და საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებული მოქალაქე იარსებებს, მით უფრო ნაკლები უფლების დარღვევის ფაქტი და მეტი დაცულობა იქნება რეგიონში.