პროტესტი ქალთა მიმართ არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ

834 Views

ავტორი: გიოზალ გუსეინოვაგიოზალ გუსეინოვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

სიტყვა ფემინიზმი, პირველად, მესამე კლასში გავიგე მასწავლებლისგან. შემდგომში ვკითხე უფროს  მეგობრებს, და-ძმას; ბიჭმა გაბრაზებული ტონით მითხრა: “ქალთა პროტესტს’’ ნიშნავს, უფრო მეტი თავისუფლება უნდათ, ხოლო გოგომ ხმა არ ამოიღო. ვფიქრობდი, რისი პროტესტია ან თავისუფლებაში რას გულისხმობდნენ?!

წლები გადიოდა და უფრო კარგად ვხვდებოდი, რაში იყო პრობლება. ვკითხულობდი ქალთა უფლებების შესახებ, თითქოს ეს ყველაფერი ნაცნობი იყო. ვაკვირდებოდი, როგორ იქცეოდნენ ირგვლივ ქალები და კაცები და სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა პატრიარქალური სისტემა. მე, როგორ საზოგადოებაშიც ვიზრდებოდი, იქ “ბიოლოგია იყო ბედი’’, ანუ – თუ ქალი ხარ, “თავის დროზე’’ უნდა დაქორწინდე, შენ იძულებული ხარ, ბავშვი გააჩინო, გაზარდო და შენი სიცოცხლე შვილებს მიუძღვნა, ქმრის(ძმის, მამის) თანხმობის გარეშე გარეთაც არ უნდა გახვიდე და ა. შ. ასევე გავრცელებული იყო ადრეული ქორწინება, ეს თითქოს კანონი იყო ჩემს სოფელში და მეზობელ სოფლებშიც.

ერთხელ მითხრეს, რომ შენი დაქალი დაინიშნა, მე კი მაშინ 16 წლის ვიყავი, სკოლაში დავდიოდი, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ, არასწორად ვთვლიდი და ვფიქრობდი, მისი უფროსი ძმა სკოლაში დადის, ხოლო ჩემი მეგობარი დაინიშნა და უკვე სახლში უნდა იჯდეს. თავს მარტო ვგრძნობდი, თითქოს ჩემნაირად არავინ ფიქრობდა. ამ ყველაფერს უსამართლოდ ვთვლიდი. სხვადასხვა კითხვა მაწუხებდა: რატომ ვარ იძულებული, ეს გავაკეთო?! სქესის გამო, რატომ უნდა დავემორჩილო ამ წესებს?! მაგრამ პასუხი არ მქონდა.

პოლიტიკური თანასწორობა, ქალთა უფლებების დაცვა, ჩემი აზრით, თეორიულად არსებობდა ჩემ ირგვლივ, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში კი სულ სხვა სურათს ვხედავდი. დროთა განმავლობაში, წიგნების კითხვა, სკოლა, უნივერსიტეტი და “ჩემი საზოგადოებისგან განსხვავებული ადამიანების’’ გაცნობა, დამეხმარა, ბევრი რამის რაციონალურად გაგებაში. მე არაფრისთვის არ ვიყავი იძულებული. ჩემი სქესი არ მაჩვენებდა, რომ მხოლოდ ბავშის გასაჩენად ან სახლის დასალაგებლად ვარსებობდი. სკოლის დამთავრება, უმაღლესი განათლების მიღება, მარტო სახლიდან გასვლა, რამის გაპროტესტება – ჩემი უფლება იყო, რადგან მეც ვარ პიროვნება და შემიძლია ვიცხოვრო ყველანაირი ეტიკეტის გარეშე, რომლებიც საზოგადოებამ მოგვანიჭა. თუმცა, ეს ასე ადვილი არ იყო, ყველა ვერ ხვდებოდა, რომ ქალების უფლებები არჩევნებში მონაწილოების მიღებით და მხოლოდ ხმის მიცემით არ მთავრდებოდა, ეს ნამდვილი თავისუფლებას ან თანასწორობასა და პოლიტიკურ ემანსიპაციას არ ნიშნავდა, ჩვენ ეს გვაჩვენა ფემინიზმის მეორე ტალღამაც.

ჩემი აზრით, ეს უთანასწორობა მხოლოდ საზოგადოების ბრალი არ არის. თუ ყურადღებით დავათვალიერებთ ფილმებს, სერიალებს, ზღაპრებს დავინახავთ, რომ კაცის ჰეგემონიას ბავშობაში ნერგავენ ჩვენში. მაგალითად, სერიალებში ძირითადად ვხედავთ გაჭირვებულ, საწყალ ქალებს, რომლებსაც ძლიერი და მდიდარი კაცები ეხმარებიან, კაცები სულ დომინანტურ როლებში არიან. მათ გვაჩვენებენ, როგორც ძლიერებს, მდიდრებს, ჭკვიანებს და ყველაფრის შემძლეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე და უკვე გონებაში ქმნის სტანდარტებს, თუ როგორი უნდა იყოს “კარგი გოგო’’ და “ძლიერი ბიჭი’’. ასევე, ზღაპრებიც – სუსტი პრინცესა სულ პრობლემაში არის, ბოლოს კი პრინცი მოდის და აგვარებს ყველაფერს. ბავშვობიდანვე გვასწავლიან ამ ყველაფერს და შემდგომში ასე გაზრდილი ქალები დამოუკიდებლად ვერ ცხოვრობენ. თუ ქალს წარმატებული კარიერა აქვს და ოჯახი არ ჰყავს, იგი თითქოს “სრულყოფილი’’ არ არის, მაგრამ თუ ქალი არ მუშაობს, თავისთვის არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ჰყავს ქმარი და შვილი, ის უკვე “იდეალური’’ ქალია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, 20 წლის წინ უარესად იყო ეს ყველაფერი, დღეს უფრო კარგია და დროთა განმავლობაში, უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ გავაგრძელებთ მთელი გულით და სულით სიმართლის თქმას, ჩვენი უფლებების დაცვას. ერთი რამ კარგად ვიცი და მჯერა, რომ ქალმა რაც არ უნდა ჩაიცვას, რამდენი წლისაც არ უნდა გათხოვდეს, რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს მაინც თავისუფალი, სრულყოფილი პიროვნებაა. მისი ტანსაცმელი, გარეგნობა ან ოჯახური მდგომარეობა მის თავისუფლებასა და სიცოცხლის სტანდარტებს არ უნდა ზღუდავდეს. იგი ქმრის, შვილის, ძმის გარეშეც ქალი და პიროვნებაა.