მედიის ინსტიტუტმა ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ თვითნებურისაგამოძიებო ქმედებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

307 Views

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა დამცველების, სამოქალაქო აქტივისტების, საქველმოქმედო ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე განხორციელებულ თვითნებურ საგამოძიებო მოქმედებებს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, უფლებადამცველების დაშინებისა და დევნის მიზნით დაფიქსირდება სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების მიერ სისტემური ჩხრეკისა და ამოღების თვითნებური ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდებოდა ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და არღვევდა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებს, ისე საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
ანგარიშში გამოკვეთილია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და პროცედურული ნორმების დარღვევების ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა: საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში ადვოკატთან წვდომის შეზღუდვა, არასრულწლოვანთა თანდასწრებით ჩხრეკა, დაშინება, ფიზიკური და მორალური ზეწოლა, პირადი ნივთების უსაფუძვლო ამოღება, ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღების აკრძალვა, მხოლოდ ზოგადი ხასიათის სასამართლო განჩინების არსებობა, ჩხრეკის მიზნით ბინაში მოტყუებით შესვლა.
მედიის ინსტიტუტი ანგარიშში რეკომენდაციების სახით მიმართავს საერთაშორისო და ადგილობრივ სტრუქტურებს, გაერო-ს, ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODIHR), დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ მისიებსა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს, მიიღონ დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ზომები თვითნებური საგამოძიებო ქმედებების აღსაკვეთად, უზრუნველყონ აღნიშნული მოქმედებების უკანონობაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და კანონის ფარგლებში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
ანგარიშის დასკვნის თანახმად, ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ განხორციელებული თვითნებური საგამოძიებო მოქმედებები სისტემურ და მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და გამოიყენება როგორც დაშინებისა და დევნის მექანიზმი, რაც სახელმწიფო პოლიტიკის გაცხადებულ ნაწილად იქცა. ანგარიში მოიცავს 2024 წლის 24 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველი მაისის ჩათვლით პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. კონკრეტული შემთხვევები და სრული ანალიზი ხელმისაწვდომია ბმულზე:

მედიის ინსტიტუტის შესახებ:

მედიის ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, საყოველთაოდ აღიარებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საკონტაქტო პირი: ეკა მელიქიძე,
მედიის ინსტიტუტი, 599854722,
e.melikidze@mediainstitute.ge;
info@mediainstitute.ge

No comments