მედიის ინსტიტუტი მიმდინარე პროტესტის ფარგლებში ჩადენილ უფლებადარღვევებზე რეაგირებისა და საჯარო განცხადებების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

136 Views

მედიის ინსტიტუტმა მოამზადა  ანგარიში, რომელიც ასახავს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 სექტემბრამდე პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და უკანონო შეზღუდვებზე სახელმწიფოს რეაგირებას, საჯარო განცხადებების ანალიზს. 

ანგარიშის მიხედვით, პარტია “ქართულის ოცნების” პოლიტიკა წარმოადგენს კოორდინირებულ და სისტემურ დევნას, რომელიც ხორციელდება როგორც ქმედებით, ისე უმოქმედობით. 

ქმედება გამოიხატება: 

  • ფიზიკურ ძალადობაში, წამებასა და დამამცირებელ მოპყრობაში; 
  • უკანონო დაკავებებსა და უსამართლო დაჯარიმებაში; 
  • მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში; 
  • არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების პირდაპირ/ირიბ მხარდაჭერაში.  
  • სამოქალაქო სექტორის მიმართ რეპრესიული კანონების მიღებასა და აღსრულებაში. 

უმოქმედობა ეფუძნება უფლებადარღვევებზე ობიექტური გამოძიების არქონას – ხშირ შემთხვევაში გამოძიება არც იწყება, რის გამოც არც ერთი ძალადობრივი ქმედება, განსაკუთრებით ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე თავდასხმები, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობამდე არ მისულა. 

ანგარიში ხაზს უსვამს მართლმსაჯულების შერჩევით სტანდარტს: 

დემონსტრანტებს სახის დამფარავი საშუალებების მიუხედავად ხშირად აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით, მაშინ როცა წამების, ცემისა და ორგანიზებული ძალადობის ჩამდენი პირები დაუსჯელები რჩებიან, მათ შორის მაშინაც, როდესაც ვიდეოჩანაწერებში პირდაპირ იდენტიფიცირებადები არიან. 

დოკუმენტი აღწერს “ქართული ოცნების” მიერ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას, სადაც პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს უწოდებენ „რადიკალებს“, „ფაშისტებს“, „მოძალადეებს“, „უსამშობლოებს“ და სხვა ტერმინებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. განსაკუთრებით ხშირია ქალი აქტივისტების დაკნინება და შეურაცხყოფა. 

ანგარიში მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” აქტიურად ახორციელებს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების დისკრედიტაციას მათზე დეზინფორმაციის გავრცელებითა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით – როგორც საჯარო განცხადებების, ასევე პროპაგანდისტული მედიების მეშვეობით. 

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე შესაბამისი ფუნქციების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ.

No comments