
ზაზა მიქელაძე
წალკის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, რომელსაც, თავისი მაღალმთიანი გეოგრაფიული კლიმატური პირობების გამო, განსაკუთრებული გამოწვევები აწუხებს. ხშირად, ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს, ძლიერ სოციალურ, ეკონომიკურ და მძიმე ფიზიკური შრომის გამოწვევებს გაუმკლავდეს.
წალკის მოსახლეობა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია. უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები წარმოადგენენ, რომელშიც ორი რელიგიური ჯგუფი გვხდვება – მუსლიმები (აჭარლები) და ქრისტიანები (სვანები და სხვები). ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა წალკაში ყველაზე დიდი რაოდენობის ეთნიკური უმცირესობაა; მუნიციპალიტეტში – ასევე წარმოდგენილია ეთნიკური აზერბაიჯანელები და ბერძნები. ამ უკანასკნელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა 90-იანი წლების ნაციონალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის გავლენით.
წინამდებარე ბლოგში, შევეცდები, წალკის შესახებ არა მისი საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიის შესახებ გესაუბროთ, არამედ დაგანახოთ, ადგილობრივ დონეზე, რელიგიური უმცირესობების ქალების ხმა რამდენად არის წარმოდგენილი პოლიტიკურ სივრცეში; რამდენად უსმენენ მათ, ან/და მონაწილეობენ თუ არა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ფუნქციის გათვალისწინებით, შევეცდები, წარმოვადგინო, რამდენად არის ასახული მუსლიმი ქალების საჭიროებები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები მუნიციპალიტეტის საქმიანობის დღის წესრიგში.
წალკის მუნიციპალიტეტი 11 თემისგან შედგება. თითოეულ თემს თავისი არჩეული წარმომადგენელი ჰყავს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს დეპუტატების ერთ-ერთი პირდაპირი ვალდებულება ნებისმიერ სოციალურ ჯგუფთან კომუნიკაცია, საჭიროებების კვლევა და გამოკვეთილი პრობლემების შესაბამის ორგანოში არტიკულირებაა. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული საკრებულოს წარმომადგენელთა სია, გენდერული ბალანსის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან უთანასწორობას აჩვენებს, კერძოდ, 30 დეპუტატიდან მხოლოდ 4 არის ქალი. ამ 4 ქალიდან – 2 აჭარელია, რომელთაც მათი მუსლიმური იდენტობის გარდა, ყოველდღიურ, ყოფით დონეზე მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ მუსლიმ ქალებთან. პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ოფისებთან კომუნიკაციის მეშვეობით დადგინდა, რამდენად იყო მუსლიმი ქალების წარმომადგენლობა პოლიტიკური პარტიის ცხოვრებაში. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი მიმართულებით (რელიგიური იდენტობის ფაქტორით), მონაცემებს არ ფლობენ და რაიმე განსაკუთრებული სტრატეგიული პოლიტიკური გათვლა – მუსლიმი ქალების ჩართულობის გასაზრდელად არ აქვთ და არც მანამდე შეუმუშავებიათ.
აღნიშნული საკითხის კვლევისას, დავუკავშირდი ახლადარჩეულ საკრებულოს დეპუტატს, მარინე ირემაძეს, რომელიც მმართველი ძალის, პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნების“ კვოტირებული სიის მეშვეობით, საკრებულოს წევრი გახდა. ქალბატონი მარინას განცხადებით, ჯერ მხოლოდ ორიოდე სხდომას დაესწრო, რომელზეც ასეთი საკითხი არც დასმულა და არც განხილულა; ხოლო – დისკრიმინაციის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავს და არც უგვრძვნია. მისი განცხადებით, მომავლისთვის, მუსლიმი ქალების საჭიროებებთან დაკავშირებით, უფრო ღრმად დაინტერესდება.
პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი, მალხაზ მგელაძე, რომელიც ახლადარჩეული საკრებულოს წევრიც გახლავთ, საუბარში განსაკუთრებით ხაზს უსვამდა, მათი პარტიული სიის კვოტირების მექანიზმით გასულ ჰიჯაბიან მუსლიმ დეპუტატზე, დიანა პაქსაძეზე და მნიშვნელოვან გარღვევაზე ამახვილებდა ყურადღებას. ამასთანავე, მალხაზ მგელაძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ საქმიანობაში, საოლქო საარჩევნო წარმომადგენლობაში და აქტივისტურ პროცესებში არაერთი ადგილობრივი მუსლიმი ქალი არის წარმოდგენელი, თუმცა, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე, პარტიის შიგნით მსგავსი შემთხვევა ვერ გაიხსენა.
საინტერესოა სოფლის კრებებზე ქალთა მონაწილეობის საკითხი, თუმცა რამდენიმე თემის წარმომადგენელთან კომუნიკაციის დროს, ყველასგან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მუსლიმი ქალები არც თუ ისე ინტენსიურად ესწრებიან მსგავს შეხვედრებს, მეტიც – ხშირ შემთხვევაში ინფორმაციაც კი არ აქვთ ასეთი შეხვედრების ორგანიზების შესახებ.
წალკის მუნიციპალიტეტის რეალობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ხმა რეალურ პოლიტიკურ ხმად ჩამოყალიბდეს და არ შემოიფარგლოს წარმომადგენლობითობით. აუცილებელია, პარტიებმა მეტი ყურადღება დაუთმონ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს და ხელი შეუწყონ, პარტიულ საქმიანობაში აქტიურად ჩართვასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ყოფნას, რათა, ნომინალური წარმომადგენლობიდან, რეალურ პოლიტიკად გადაქცევას შეეწყოს ხელი. მართალია, მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა თანამდეობაზე მუსლიმი ქალები არიან დასაქმებული, თუმცა, ეს არ ცვლის არსებულ ლანდშაფტს და ის ვერ ჩამოყალიბდა, როგორც კონკრეტული ჯგუფის საჭიროებების არტიკულირების მექანიზმი.
სხვა კვლევის საგანია, რადმენად დგას მსგავსი საჭიროება, მაგრამ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ 30 ადგილიან საკრებულოში მხოლოდ 4 ქალია წარმოდგენილი და აშკარად იგრძნობა განსაკუთრებული ტრანსფორმაციული ხედვის გაჩენის საჭიროება.
საკითხით დაინტერესებისას, შევეცადე, რაიმე სახის მონაცემი ან მცირე კვლევა მაინც აღმომეჩინა, თუმცა, ამ საკითხზე ქვეყანაში და განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის დონეზე, არანაირი ინფორმაცია/კვლევა არ არსებობს. ცხადია, კვლევები კიდევ უფრო აშკარას გახდის იმ პრობლემურ საკითხებს, რაც წალკის პოლიტიკურ და სოციალურ რეალობაში დგას და რომლის წინაშეც- მუსლიმი ქალები იმყოფებიან.
English
ქართული