
მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობისა და პოლიტიკური ნიშნით მონაწილეთა დევნის პრაქტიკა.
ანგარიშის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად არაპროპორციულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებდა. 2024 წლის 13 დეკემბრიდან კი რეპრესიულმა პოლიტიკამ საკანონმდებლო სივრცის მრავალი ასპექტიც მოიცვა, რითაც არსებითად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. კერძოდ:
ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდა აქციის მონაწილეთა მიერ სახის დამფარავი საშუალებების გამოყენებაზე, რაც არღვევს შეკრებებში ანონიმურად მონაწილეობის უფლებას.
10-ჯერ გაიზარდა ჯარიმები შეკრებისა და მანიფესტაციების ზოგიერთი ნორმის დარღვევისთვის;
გაფართოვდა ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები;
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15-იდან 60 დღემდე გაიზარდა;
აიკრძალა აქციებზე მონაწილეთათვის პიროტექნიკური ნაწარმისა და ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების ფლობა;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის – ციფრულ სივრცეში;
სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად განისაზღვრა პოლიტიკური თანამდებობის პირებზე/საჯარო მოსამსახურეებზე თავდასხმა, სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრდა სასჯელი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის გაწევისთვის ან ძალადობისთვის, და იმ დანაშაულებისთვის, რომლებსაც “ქართული ოცნება” პროტესტის მონაწილეთა სისხლის სამართლის წესით დევნისთვის აქტიურად იყენებს.
მედიის ინსტიტუტის მიგნებების თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის ნებისმიერი ფორმის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად კვალიფიცირება სახელმწიფო პოლიტიკის გაცხადებულ ნაწილად იქცა.
English
ქართული