რატომ არ არიან ეთნიკური უმცირესობების ქალები პოლიტიკაში ჩართულები?

828 Views

თოზუ გულმამედოვა – უფლებადამცველი

სანამ ეთნიკური უმცირესობების ქალების პოლიტიკასა და აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშემშლელ ფაქტორებს განვიხილავ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა, ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების თემის თითქმის ყველა წევრს აქვს. თუმცა, ეს საკითხი ქალების შემთხვევაში უფრო მწვავედ დგას. პრობლემას სხვადასხვა საფუძველი და ამასთან, განსხვავებული აქტორები გააჩნია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა – ქალის გენდერული/სოციალური როლი ოჯახში და პრობლემები თანასწორობასთან დაკავშირებით. ეთნიკური უმცირესობების თემის შემთხვევაში, ქალების სოციალური/გენდერული როლი, ძირითადად, საშინაო საქმეების მართვა და ბავშვების გაზრდაა, რაც ნორმად არის აღქმული. გენდერული როლებისათვის დამახასიათებელია არა თანასწორობა, არამედ იერარქიულობა. ის როლები, რომლებიც სტერეოტიპულად ქალის მახასიათებლად აღიქმება, გაუფასურებულია, ხოლო მამაკაცისა – დაფასებული.

შედეგად, ბავშვები ოჯახური ურთიერთობის ამ მკაცრად დადგენილ მოდელს აკვირდებიან და მათშიც იდენტური სტერეოტიპული აზროვნება ღვივდება, რაც ამ პროცესს შეუქცევადს ხდის. ასევე, ბიჭსა და გოგოს არასდროს არ ექცევიან თანასწორად. ბიჭს, მუდმივად აგრძნობინებენ, და ღიად გამოხატავენ კიდეც, რომ ის არის – “ოჯახის იმედი, გვარის გამგრძელებელი, იმ ქონების საბოლოო მფლობელი, რაც ოჯახს გააჩნია”. გოგოს კი მუდმივად უცხადებენ, რომ – “ეს მისი სახლი არ არის; მისი სახლი ქმრის სახლი იქნება”. არსებობს ასეთი ანდაზაც: „როცა გოგო იბადება, – ტირის, რადგან იცის, რომ ეს მისი სახლი არ არის“. აგრეთვე, ბიჭი უფრო თავისუფალ გარემოში იზრდება, შესაბამისად, უფრო განვითარებული აქვს უნარ-ჩვევები, მეტ ინფორმაციას ეუფლება და ა.შ. გოგონები კი მუდმივად სტრესისა და შიშის ქვეშ იმყოფებიან, იმაზე ფიქრით, რომ ნორმად დადგენილი ქცევის სტანდარტებს თუ გადაუხვევენ, რაიმე ცუდი არ თქვან მათზე და “ოჯახის რეპუტაცია არ შელახონ”.

ზოგადად, გოგოს ყოლა ოჯახისთვის, განსაკუთრებით ოჯახის მამაკაცებისთვის, მუდმივი სტრესი და დიდი პასუხისმგებლობაა. განსხვავებით ამისა, თუ წყვილს ბიჭი ან ბიჭები ჰყვას, ის ყველაზე ბედნიერ წყვილად ითვლება, მაგრამ თუ მარტო გოგო ან გოგოები ჰყავს, მათ შეიძლება უშვილოც უწოდონ, “ვინაიდან გვარის გამგრძელებელი არ ჰყავთ”.

ზემოაღნიშნულ პრობლემას გავლენა აქვს გოგონათა მიერ პროფესიის არჩევაზეც. თითქმის ყველა ოჯახისთვის სასურველია, რომ გოგო შვილმა ისეთი პროფესია აირჩიოს, შემდგომში “კარგი გოგოს“ იმიჯი რომ არ გაუფუჭდეს და “კარგ ბიჭთან“ ოჯახის შექმნის შესაძლებლობა არ დაკარგოს. ამასთან, ეს პროფესიები ნაკლებშემოსავლიანია.

პოლიტიკაში ჩართვის მსურველ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს არაერთი ბარიერი ხვდებათ ცხოვრებაში. ქალთა ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში ხშირად აბრკოლებს სხვადასხვა პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ბარიერები. უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ქალებისთვის ნაკლებ რესურსებზე წვდომა, რაც გულისხმობს დროსა და ეკონომიკურ რესურსებს. ისეთი გენდერული როლები, როგორიცაა ქალების მიერ ბავშვებზე ზრუნვა და საშინაო საქმეების მოწესრიგება, ხშირად ზღუდავს ქალს გამოიყენოს დარჩენილი თავისუფალი, მცირე დრო და ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობებში. ამასთან, საარჩევნო რეგისტრაცია და ხმის მიცემის პროცედურა, ხშირად უკავშირდება ხანგრძლივ მოსაცდელ დროსა და მნიშვნელოვან მანძილს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქალის ზემოხსენებულ პასუხისმგებლობებთან. ქალის ქმედითობაზე მოქმედებს ეკონომიკურ ფაქტორებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და რესურსებზე კონტროლის სიმცირე. ამასთან, მამაკაცებთან შედარებით, ქალებს ნაკლებად აქვთ იმის შესაძლებლობაც, რომ დაუთმონ დრო საარჩევნო კამპანიას.

ქალთა და მამაკაცთა გენდერულ როლებზე კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს კულტურა, რელიგია და ტრადიციები, რომლებიც ხანდახან ზღუდავენ ქალების დამოუკიდებლობას ან აფერხებენ მათ ისარგებლონ თავიანთი არჩევანისა და ხმის მიცემის უფლებით. გარდა ამისა, თუ ქალს სურს პოლიტიკაში მოსვლა, მის მიმართ, საზოგადოების მხრიდან, იმაზე მეტი სტანდარტია მოთხოვნილი, ვიდრე ეს მამაკაცების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით კი, სახელმწიფოს რეაგირება ნომინალურია. სწორედ ასეთი გამოცდილება მივიღე მეც, როგორც საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ქალმა. ჩემთან ერთად, თემში 15 -მდე მამაკაცი კანდიტატი იყო რეგისტრირებული. ჩემგან განსხვავებით, მათთვის არავის არ უკითხავს, რამდენად ფლობენ სახელმწიფო ენას, რამდენად ჰქონდათ სათანადო უნარები ამ საქმის შესრულებისთვის, ან/და რა განათლება აქვთ მიღებული, რამდენად შეუძლიათ თემის საჭიროებების მიტანა შესაბამის ორგანოებამდე და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემს შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდათ, მამაკაცი კანდიდადებისაგან განსხვავებით, რომლებმაც პირდაპირ საარჩევნო კამპანია დაიწყეს, მე, ხალხს ვუმტკიცებდი, რომ ქართული ენაც ვიცი, განათლებაც მაქვს და საჭირო უნარებიც, არჩევის შემთხვევაში, მოვალეობების შესრულებისათვის.

აგრთევე, ჩემ შემთხვევაში, რთული გადასაწყვეტი იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა იმის გამოც, რომ მიჭირდა დაახლოებით ორ თვემდე სამსახურის მიტოვება, ვინაიდან, არ მქონდა ფინანსური შესაძლებლობები, ამ ორი თვის განმოვლობაში გადამეხადა გადავიხდიდი გადასახდელები, ან/და საიდან მექნებოდა ყოველდღიური ჯიბის ხარჯი. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ოჯახის რესურსები მხოლოდ ბიჭებისთვისაა მოაზრებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პრობლემურია საზოგადოების დაბალი ნდობა ქალების მიმართ. ჩვენ, პოლიტიკურ პროცესების ჩართვის მსურველ ქალებს, საკუთარი ადგილის დასაკმვიდრებლად, უდიდესი შრომის გაწევა გვიწევს. აქ, არ ვსაუბრობ იმ ქალებზე, რომლებიც, გამონაკლის შემთხვევებში, კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი მამაკაცების მხარდაჭერით, მათი გავლენებითა და ფინანსური რესურსების ხარჯზე მოდიან პოლიტიკაში, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურება მიზნად. ასეთი ქალი პოლიტიკოსები, ზოგად მიდგომას ვერ ცვლიან, რადგან არ გააჩნიათ ნების თავისუფლება და ძალაუფლება ქალთა გაძლიერებისათვის და ამასთან, მათ არ უჭირავთ გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობები. ეს მოცემულობა კი არასდროს იცვლება.