
სამირა ისმაილოვა
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
ქალთა უფლებები არის საკითხი, რომელიც მსოფლიოს აწუხებს. რა თქმა უნდა, სპეციფიკა და სირთულეები ერთმანეთისაგან ხშირად განსხვავდება, მაგრამ შინაარსი ერთია. ამ საკითხმა ადრეულ ასაკში შემაწუხა – მაშინ, როცა ჩემი ასაკის ბავშვები სხვა ბევრად უფრო საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდნენ… ჩემი „მსოფლიო“ ჩემს პატარა სოფელში იწყებოდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში, სადაც ყოველდღიურად ვეჯახებოდი ნებისმიერი ასაკის ქალის, პატარა გოგონების უფლებების დარღვევას, უთანასწორობასა და ჩაგვრას. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება და დაკვირვება ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი გახდა, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს სამომავლო საქმიანობასა და განვითარებაზე. 6 წლის ასაკში ჩემს აღმზრდელ ოჯახთან გადმოვედი საცხოვრებლად ქალაქ რუსთავში, დედაჩემი და ჩემი და კი სოფელში დარჩნენ. ამ რეალობიდან გამომდინარე, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი სოფელში, დანარჩენი დრო ქალაქში ვცხოვრობდი, სადაც ეთნიკურ ქართველებთან მქონდა ურთიერთობა: სკოლასა და ეზოში, მეზობლებთან, ასევე ჩემს თანატოლებთან… ერთი ოჯახის ორ შვილზე (ქალიშვილზე) ვისაუბრებ, მათ რეალობასა და უფლებებზე…. ჩემი დისგან განსხვავებით, მე, ცხოვრებაში უფრო გაგიმართლა, ვინაიდან უკეთესი სოციალური გარემო შემიქმნეს სასწავლებლად, მაგრამ ჩემი და, რომელიც სოფელში დარჩა, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ, მას, სამწუხაროდ, 15 წლის ასაკში საშუალო განათლების მიღების „უფლება ჩამოართვეს“ და 16 წლისა ზარზეიმით გაათხოვეს….
მაშინ, როდესაც ქართულ საზოგადოებას ვეკითხებით აზერბაიჯანელებზე, პირველი რასაც გვპასუხობენ, არის „ადრეული ქორწინების ტრადიცია“ და სახელმწიფო ენის არცოდნა. ამ კითხვას მე თუ დამისვამენ, როგორც რიგით მოქალაქეს, ჩემი პასუხი იქნება შემდეგი: „უპირველესი პრობლემა ეთნიკური ჯგუფისადმი სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღების გამოვლენაა“ და სწორედ ამ საკვანძო საკითხში დევს ძალიან ბევრი ფსევდო ტრადიცია თუ სტერეოტიპი, რომლითაც უცქერენ ამა თუ იმ არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს.
დიახ, სწორედ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღებას მოჰყვება ხშირად ის სავალალო სიტუაცია, რომელიც ბოლო ათწლეულებია გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში… ხელისუფლებები იცვლებიან, იცვლება კანონებიც, მაგრამ პრობლემების მიმართ სისტემური მიდგომა კვლავ უცვლელი რჩება, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა ძვრებს, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით (2013-2017 წლებით თარიღდება), ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების 78 %- ს პროფესია არ გააჩნია. მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს ქართულად საუბარს, კითხვასა და წერას. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ¼ ქართულად ვერც წერს და ვერც კითხულობს, მსგავსი უნარები მხოლოდ ქალების 9,2 %-ს გააჩნია. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების უმრავლესობა უმაღლესი განათლების მიღებას ვერ ახერხებს, აქვე აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა საბაზისო სკოლის ატესტატის გარეშეც არიან დარჩენილი.
ბუნებრივია, ეს სტატისტიკა მე არ მაკვირვებს, ვინაიდან ეს რეალობა ჩემთვის ბუნებრივია. ზემოთ აღვნიშნე, რომ დავწერდი ჩემი და ჩემი დის მაგალითზე და აქედან გამომდინარე ვისაუბრებდი სისტემურ პრობლემებსა თუ სახელმწიფო ინსტიტუციების გულგრილობაზე მათდამი მიკუთვნებული კომპეტენციების სფეროებში,მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარებისათვის უნდა არსებობდეს უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მკაფიო ნება და სტრატეგია…
დედაჩემი ძალიან მოწადინებული იყო, რომ მის შვილებს ესწავლათ, მე ვიყავი 4 და ჩემი და 6 წლის, მამა როდესაც გარდაიცვალა. იმავე შემოდგომას უწევდა ჩემს დას სკოლაში მისვლა. სკოლა ჩვენი სახლიდან 4-5 კმ-ში მდებარეობს და ამ გზის ყოველდღე ფეხით გავლა გვიხდებოდა, იმიტომ, რომ მე სახლში მარტოს ვერ მტოვებდნენ, ბაღი სოფელში არ არსებობდა. სამწუხაროდ, დღესაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროიდან 26 წელი გავიდა… დედას დღეში ორჯერ ამ დიდი მანძილის გავლა რომ არ დასჭირვებოდა, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ სკოლაში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. ასე დავდიოდით ყოველდღე ტალახიან, გაუბედურებულ გზაზე, წვიმაში, თოვლსა თუ სიცივეში. მადლობა ღმერთს, რომ მე ეს ტანჯვა მხოლოდ ერთი წელი მომიწია, დედაც დიდხანს არ დაუტოვებიათ სკოლაში.
აქვე აღვნიშნავ, რომ სოფლად მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს ჰქონდათ და ნაწილობრივ დღესაც აქვთ ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის პრობლემები. ქალების უმეტესობა აღნიშნავს სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის, საბავშო ბაღების არარსებობის, სკოლის სიშორისა და შესაკეთებელი გზების პრობლემებს. კვლევებით დასტურდება, რომ ოჯახის წყლით მომარაგება საკმაოდ შორი მანძილებიდან სწორედ ქალებს უხდებათ, ჩემს ბავშობაში შეშით მომარაგებაც ძირითადად ქალების საზრუნავი იყო.
ჩემი და გახლდათ 15 წლის, როდესაც არაერთი მცდელობა იყო მისი მოტაცების (ოჯახის შექმნის მიზნით), ამის გამო დედას უწევდა დღეში ორჯერ 8-10 კმ ფეხით გავლა და მისი სკოლაში გაცილება-დახვედრა. ბუნებრივია, მას სხვა საქმეებიც ჰქონდა და ოჯახზე ზრუნვა მას ევალებოდა. მახსოვს, ზაფხულის პერიოდში, დედა სადმე თუ მიდიოდა, თუნდაც მინდორში სამუშაოდ, კარებს გარედან კეტავდა და ჩვენ შინ ველოდებოდით. ძალიან მწყინდა და არ მესმოდა, რატომ აკეთებდა ამას, მიჩვეული ვიყავი, რომ ქალაქში უპრობლემოდ ჩემი გამზრდელი დედა სულ მიშვებდა ჩვენს ეზოში ბავშვებთან სათამაშოდ, აქ რატომ იყო აკრძალული ეს,ბოლომდე ვერ ვიაზრებდი. ქორწილებსა და დღესასწაულებზე, ნათესავებთან არსად დავდიოდით დედის გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით ხელჩაკიდებული დავყავდით. დღეს ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი, ეს ჩვენი დაცვის მექანიზმი იყო. მას სხვა ბერკეტები არ ჰქონდა… და მაშინ, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 წლის ასაკში ჩემი და დაენიშნათ, ეს უკვე მის დაღლაზე მეტყველებდა… გარდა ფიზიკური დაღლისა, შრომისა, უპერსპექტივობისა, იყო ძალიან დიდი მორალური ზეწოლაც.. დღემდე მახსოვს, როგორ მოვიდა ჩვენთან სკოლის მაშინდელი დირექტორი ჩემი დის ხელის მთხოვნელებთან ერთად, როგორ უწევდა მათ ოჯახს რეკომენდაციას და პირდებოდა, რომ მის შვილს არაჩვეულებრივი და უზრუველყოფილი ცხოვრება ექნებოდა… შემდეგი იყო ქორწილი, სადაც სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ჩემი არასრულწლოვანი დის ქორწილში საპატიო სტუმრები იყვენ.. ჭამეს, დალიეს, გაერთნენ და დაიშალნენ, არასდროს დაინტერესებულან იმ ერთი წლის განმავლობაში იმით, თუ როგორ იყო ჩემი და, უნდოდა ოჯახის შექმნა, თუ სკოლაში დარჩენა?! მათ არც უცდიათ რაიმე ნაბიჯის გადადგმა ამ უსუსური ადამიანის გადასარჩენად და იცით რატომ?! ჩვენ ხომ სტატუსი არ გვქონდა, ჩვენ ხომ ერთ ჩეულებრივი ოჯახი ვიყავით.. მეორე მხარეს კი „განათლებული“ მასწავლებლის შვილისშვილი იყო…. ერთი შეხედვით, ეს ერთი ადამიანის ტრაგედიაა, მაგრამ 24-25 წლის შემდეგაც, ანუ დღესაც, ისევ ამ რეალობაში ვართ… ზემოთ აღნიშნული სტატისტიკა ნუთუ არ ადარდებდა ან არ ანერვიულებდა განათლების მინისტრსა თუ სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს?! თუ ეს პროცესი მათი „სახლიდან“ შორს ხდება და სხვისი „ტრადიციაა“ და მათ ეს არ ეხებათ?!
ტრადიცია?! ყოველთვის მაინტერესებდა და მქონდა კითხვა, როდიდან გაჩნდა ეს ტრადიცია – „ადრეულ ასაკში ქორწინება“. მე და ჩემს თაობას საბჭოთა კავშირი არ გვინახავს და, შესაბამისად, ნოსტალგიაც ვერ გვექნება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში არ არსებობდა ეს ტრადიცია და ასეთი ტოტალური სკოლის მიტოვების ტენდენცია… იმდროინდელი თაობის 90 % გოგონებს საშუალო სკოლის განათლება მაინც ჰქონდათ, არ იყვნენ ასე გამოკეტილი საკუთარ თემში, დასაქმებულები იყვნენ ახლო მდებარე ქალაქებსა და დედაქალაქში და არ ეშინოდათ მათ მშობლებს, რომ ვინმე მათ გარეთ გასულ შვილს ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცებდა. ალბათ, ამის პასუხი არის ის, რომ მაშინდელი ინსტიტუციები იმ დროს არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას სრულად იზიარებდნენ.
დღეს კი მსგავს სიტუაციებში ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს. მაგალითად: განათლების სამინისტროს, განათლების სამინისტრო რესურს-ცენტრს ადანაშაულებს, რესურსცენტრი სკოლას და დირექციას, დირექცია მასწავლებლებს, მასწავლებლები სამართალდამცველებს, სამართალდამცველები კი თავად ეთნიკურ უმცირესობებს, რომ ეს მათი „ოჯახური“ პრობლემაა და დროს მივანდოთ, მორიგდებიან… სწორედ ასე ყალიბდება „ტრადიცია“, სტერეოტიპი… არადა ეს ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა, რომელზეც დროული რეაგირება და პასუხისმგებლობის გააზრება, მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა საჭირო – მსგავსი ქმედებისთვის უპასუხისმგებლო მასწავლებელიც, სამართალდამცველიც და ოჯახიც კანონის წინაშე პასუხს რომ აგებდნენ, 25 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ შეიცვლებოდა. ამიტომ, არ შემიძლია ეს თემა პოლიტიკურადაც არ შევაფასო. ეს პრობლემა რომ დავძლიოთ, ხელისუფლები წინააღმდეგობაში უნდა შედიოდნენ საზოგადოებაში არსებულ გავლენიან თუ ავტორიტეტის მქონე ადამიანთა ვიწრო ჯგუფებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ მთლიან თემს. თუმცა, ხელისუფლებები წლების განმავლობაში მათ უყურებენ როგორც აზერბაიჯანული თემის მართვის მექანიზმს. ამ მართვის მექანიზმის შენარჩუნებისთვის ყველაფერს ტრადიციად ასაღებენ. ეს რთული პროცესია, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობები განიხილებოდნენ/განიხილებიან, როგორც ბონუს ელექტორატი ყველა არჩევნებზე, ამიტომ, როგორც იტყვიან, ზედმეტი თავის ტკივილი და ელექტორატის დაკარგვა არავის ინტერესებში არ შედის… უფრო მარტივია, „ტრადიცია“ კანონზე მაღლა დააყენო და საზოგადოებას მიანდო, თვითონ მოირგოს სასამართლოს როლი.
ვიცი, რომ მარტო ჩემი და არ არის ამ უპასუხიმგებლო დამოკიდებულების „მსხვერპლი“, მის მსგავსად ათობით, ასობით და შეიძლება ათასობით ქალის ცხოვრება დაინგრა, შეილახა მათი უფლებები, მაგრამ მათ შესაბამისი ცოდნა და ინფორმაციაც არ გააჩნდათ, არ იცოდნენ, და ახლაც არ იციან, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი. რომ არა ეს ყველაფერი, დღეს არ იარსებებდა მსგავსი გამოთქმები, როგორიცაა: ბავშვების შვილები, 30 წლის ბებიები… ეს მძიმე და უთანასწორო, უპერსპექტივო რეალობის შედეგია.
და ბოლოს, ალბათ, უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად, რა პირობებში ვიზრდებით, რა სოციუმში და რა პერსპექტივა გვაქვს… მე ქალაქის ქართულენოვანი სკოლა დავამთავრე, სხვათაშორის წარჩინებით, შემდეგ კვოტების გარეშე ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში, სახელმწიფო ენასთან ერთად ვფლობ უცხო ენებსაც, 19 წლიდან ვცდილობ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოში მცხოვრებ არადომინანტ ეთნიკურ ჯგუფებზე, ოჯახის გამოცდილებიდან გამომდინარე ქალების უფლებებსა და განვითარებაზე ვარ ორიენტირებული… თავი გამოვცადე ადგილობრივი თვითმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებზე, ამით დავამსხვრიე ბევრი სტერეოტიპი, რომ აზერბაიჯანელ ქალებს პოლიტიკა არ აინტერესებთ, რომ ეთნიკური უმცირესობები გაუთვითცნობიერებელ არჩევანს აკეთებენ, რომ აქტიური ქალი ეთნიკურად აზერბაიჯანელებისთვის მიუღებელია. ეს ყველაფერი, უბრალოდ, დროთა განვავლობაში ჩამოყალიბებული სტრეოტიპია. მე, საკუთარი თავი გამოვცადე და გამოვავლინე ძალიან ბევრ ამპლუაში, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – აზერბაიჯანული საზოგადოება და თემი პატივს სცემს და აღიარებს განათლებულ, ინფორმირებულ, წარმატებულ ქალებს. სწორედ ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი შეიქმნას თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სოფელსა თუ ქალაქში, სადაც მათ ექნებათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება. სადაც კანონის დარღვევა „ტრადიციით“ არ გამართლდება…
English
ქართული