უთვალავი ფერის არჩევანი

990 Views

ალეკო ცქიტიშვილი

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით – ახალგაზრდები, ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ სხვადასხვა რეალური თუ პირობითი ბარიერის გადალახვას და საზოგადოებისთვის საკუთარი სათქმელის მიწოდებას. ამ მხრივ, ყველაზე ხმაურიან ინიციატივად შეიძლება გამოვყოთ პლატფორმა „სალამის“ კამპანია „გვარი დამიბრუნე“, რომელმაც საზოგადოებას ნათლად დაანახა ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი პოზიცია. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ ინიციატივის შეფერხება აჩვენებს, როგორ ცივად ხვდება ხელისუფლება ისტორიულ სამართლიანობაზე დაფუძნებულ ახალგაზრდულ ენთუზიაზმს და რამდენად გაუგებარია მისთვის საკუთარი მოქალაქეების სათქმელი თუ ემოციები.

რამდენიმე წლის წინ ვმონაწილეობდი ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტში – „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა“, რომლის დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ ამავე სახელწოდების ანგარიშიც გამოაქვეყნა. პროექტის მიმდინარეობისას ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის სოფლებში სისტემატიურად ვხვდებოდით მოქალაქეებს, რომლებიც ტრადიციული სოციალური პრობლემების გარდა, ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომებზე ჩიოდნენ. მაგალითად, მუსლიმები თავიანთ სოფლებში ვერ ახერხებენ მეჩეთების აშენებას. მარტივი სამშენებლო ნებართვის მისაღებად ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება მათ ათასნაირ ბიუროკრატიულ ბარიერს უქმნის, მაშინ როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიები უნებართვოდაც შენდება და ამის შემდეგ ხდება მათი დაკანონება.

2018 წელს სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გავგზავნეთ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რაზეც ცოტა ხნის წინ კომიტეტმა დარღვევა დაადგინა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში თანასოფლელებმა და ნათესავებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს ახალგაზრდა ქალზე, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სიკვდილი. გამოძიების ვერსიით, ქალმა თავი მოიკლა, მაგრამ გამოძიება არ დაინტერესებულა, ხომ არ იყო თვითმკვლელობის ინსცენირება, არ გამოკვეთილა არც გენდერული დისრიმინაციის მოტივი, რაც რეალურად საფუძვლად ედო ქალზე ძალადობას. მთავარი პრობლემა, რაც ამ საქმიდან დავინახეთ და ადგილზეც – საზოგადოების განწყობებშიც ვხედავდით, ეს არის გარემო, სადაც ტრადიციული სტერეოტიპების გავლენით, თემი ამართლებს შემზარავ ძალადობას და ავლენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ქალისადმი, ვისაც ბოლოს ღირსების სახელით კლავს.

ასეთ სასტიკ გარემოში ქალთა ჩაგვრაზე სახელმწიფოს ნულოვანი რეაგირება გვაფიქრებინებს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადნი არიან და მათი უფლებების დასაცავად სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციაც არის საჭირო. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ნამდვილად სასიცოცხლო აუცილებლობაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად მართლმსაჯულება მათთვის მიუწვდომელია. ეს ვითარება რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს, ბევრი მუშაობაა საჭირო, რისთვისაც ადამიანური რესურსი თემშივე უნდა ვეძებოთ და პირველ რიგში – ქალები. პარტიებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც და პარლამენტშიც დეპუტატებად უნდა შეიყვანონ ადგილობრივი ქალი აქტივისტები, რომლებიც უკეთ დაიცავენ მსხვერპლთა ინტერესებს. აქვე გავიხსენოთ 2018-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის 6 ქალი დეპუტატი, რომელთაგან ერთ-ერთი – ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. 6 ქალი დეპუტატი 100 წლის წინანდელ პარლამენტში, როცა ბევრ ქვეყანაში ქალები არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის იბრძოდნენ, ნამდვილად საამაყო შედეგია. რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია ახლა უფრო მაღალი სტანდარტით უნდა აღდგეს და უმცირესობათა ხმაც ქვეყნის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან უკეთ უნდა გვესმოდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ფართო სპექტრის უფლებადაცვითი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვსტუმრობთ ქვემო ქართლის და კახეთის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებს. სწორედ აქ ვაკვირდებით სისტემატიურად არჩევნებს. წლების დინამიკა გვიჩვენებს, რომ თემი ცდილობს, თვითონვე დაძლიოს ის გაუცხოება, რაც 90-იანი წლებიდან წარმოქმნა ეთნორელიგიურმა ნაციონალიზმმა. თვალშისაცემია სახელისუფლებო ზეწოლისგან გათავისუფლების ტენდენციაც, როდესაც თემი ადვილად აღარ აძლევს სხვადასხვა მანიპულაციის უფლებას მმართველ პარტიას. იყო დრო, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, მათ შორის – ქვემო ქართლს, „ხმების ბეღელს“ ეძახდნენ, სადაც არჩევნებში გარანტირებულად იმარჯვებდა სახელისუფლებო პარტია. ახლა ეს ასე ადვილი აღარაა. 2016 წელს მარნეულში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. პირველ ტურში კი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა გაიმარჯვა.

საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეების ინტეგრაციის პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა სახელმწიფო ენის – ქართულის ცოდნის დეფიციტი, რის გამოც აზერბაიჯანელები ხშირად ელემენტარულ კომუნიკაციას ვერ ამყარებენ თანამოქალაქეებთან. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის 30-წლიან პერიოდში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის დაწესებულმა შეღავათებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და ახალგაზრდა თაობაში გაზარდა არა მხოლოდ ქართული ენის შესწავლის, არამედ სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის მოტივაცია. საქართველოს სახელმწიფომ ასევე უნდა იზრუნოს თემის კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად, რაც დაიცავს და წარმოაჩენს საქართველოს აზერბაიჯანელთა იდენტობას. მაგალითად, საქართველოში ახლა მხოლოდ რამდენიმე ქალია, ვინც ბორჩალოურ ხალიჩებს ქსოვს — ეს უნიკალური ხელოვნებაა, რაც საქართველოს აზერბაიჯანულ თემშია შემორჩენილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანული ხალიჩა 2010 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაშია, ბორჩალოური ხალიჩების მეცნიერული და ტურისტული პოტენციალიც ადვილი დასანახია. ამიტომ მეტი მხარდაჭერა სჭირდება იმ რამდენიმე ქალს, ვინც ფლობს ამ ხალიჩების ქსოვის საიდუმლოს და შეუძლია, მომავალ თაობებს გადასცეს.

საქართველო ძლიერია თავისი ეთნიკური მრავალფეროვნებით. თითქოს ეს ქვეყანა მართლაც ღმერთმა მოგვცა და გვაქვს უთვალავი ფერით გამშვენებული. ამიტომ ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთობები და თანაცხოვრება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს მომავალშიც. ეს არის ერთადერთი არჩევანი და სწორი გეზი დღესდღეობით, როცა საპირისპიროდ და სამწუხაროდ, პერიოდულად თავს გვახსენებს რუსეთის მიერ წაქეზებული, მხარდაჭერილი და დაფინანსებული ექსტრემისტი ნაციონალისტების მტრული რიტორიკა, ფობიები და სტერეოტიპები (მეტაფორულად – „სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა“). ობიექტურად, ასეთ ვითარებაში ოპტიმიზმისთვის, ალბათ, უფრო მეტი საფუძველი გვაქვს და მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ჩემი მეგობარი პოეტი ამბობს – ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით.