„შუშის ჭერი“: ძირითადი ცვლილებები ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით

988 Views

სოფიო ბილანიშვილი – მკვლევარი (კულტურის კვლევები)

საქართველოს მოსახლეობის 13%-ს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ, თუმცა, ჩართულობის დონე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათი წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებსა და სამთავრობო უწყებებში დაბალია. „შუშის ჭერი“ კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის, რომელნიც პოლიტიკური პროცესების მიღმა არიან დარჩენლნი.

პოლიტიკაში ქალთა მცირე ჩართულობის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, 2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც 25%-იან გენდერულ კვოტირებას ითვალისწინებს. არჩევნებში მონაწილე პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, სადაც ყოველი მეოთხე კანდიდატი ქალი იქნება. კვოტირება, როგორც ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა ეფექტური გამოსავალი იპოვოს სრულყოფილი მოქალაქეობის გაგებიდან ქალთა ექსკლუზიის აღმოსაფხვრელად“.

„პოლიტიკა ცვლის კულტურას“ , თუმცა, კულტურული იდენტობა(გენდერული როლები, მენტალიტეტი, სტერეოტიპები) ერთბაშად არ იცვლება, ეს გრძელვადიანი პროცესია რომელიც მიზანმიმართულ პოლიტიკას, ცნობიერების ამაღლებასა და მედიის ჩართულობას მოითხოვს. ინსტიტუციონალურ დონეზე არსებული ცვლილებები, რომელიც „ზემოდან ქვემოთ“ მიმდინარეიბს უამრავ წინააღმდეგობას აწყდება ლოკალურ სივრცეში, რომელთა შესახებ ინტერვიუში მარნეულის სათემო რადიოს დირექტორმა, კამილა მამედოვამ და სამოქალაქო აქტივისტმა, შალალა ამირჯანოვამ ისაუბრეს.

რა ძირითადი  ცვლილებები შეიმჩნევა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით მარნეულის რეგიონში?   

კამილა მამედოვა ამბობს რომ ქართული პოლიტიკური კულტურა ძალიან მყიფეა, სადაც მუდმივად გაქვს განცდა რომ რაიმეს „ამოგიქექავენ.“ სწორედ ამის გამო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აქტიური და ემანსიპირებული ქალები თავს იკავებენ პოლიტიკაში ჩართულობისგან.  „ჩვენ ვართ ძალიან ახლოს პოლიტიკასთან: მედიაში, სამოქალაქო აქტივიზმში, საინიციატივო ჯგუფებში, თუმცა, არასდროს ვრისკავთ პოლიტიკაში წასვლას.“

შალალა ამირჯანოვას თქმით, ქართული პოლიტიკა მკაცრად პატრიარქალურია. „გასულ წლებში, მარნეულში სოფლის კრებებზე, ძირითადად, მხოლოდ მამაკაცები იყრიდნენ თავს და თემისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავდნენ. უკანასკნელ წლებში, წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრება ქალებმაც დაიწყეს, რომლთა უმეტესობას ადილობრივი ხელმძღვანელობის დავალებით მობილიზებული მასწავლებლები შეადგენენ,“ მართალია, წინასაარჩევნო შეხვედრებზე ქალები აქტიურობით არ გამოირჩევიან, თუმცა, რესპოდენტის აზრით დასწრება დადებითი ტენდენციის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

2020 წლის არჩევნებისათვის, კვოტირების სისტემის შედეგად, პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა ყოფილიყო. მარნეულის რადიოს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ კანდიდატ ქალებს, რომელთა უმეტესობასაც არ ჰქონდა ინფორმაცია სიაში ყოფნის თაობაზე. „აუცილებლობის წესით მოხვედრილი „ნარმინეს“ უკან დგას „ალი“ და მართავს მას(სახელები პირობითია)“. ამ ფაქტიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე ქალთა წარმომადგენლობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, კამილა მამედოვა თვლის, რომ პრობლემის სათავე განვითარების სურვილის არ ქონაა. პოლიტიკური პარტიები არ ზრუნავენ კანდიდატ ქალთა განვითარებაზე, ამიტომ არჩევნების შემდეგ ეს ქალები ყველას ავიწყდება. „ჩვენ, ქალები არ უნდა ვიყოთ სიმბოლურები ამ პროცესში, რადგან ამომრჩეველი ამას გრძნობს. ჩვენ უნდა ვუერთგულოთ იმ იდეას, რის გამოც ქალების სიაში ჩასმა გახდა აუცილებელი“.

შალალა ამირჯანოვა თვლის, რომ სწორედ კვოტირებაა ის, რაც ყინულის ლღობის დასაწყისად შეიძლება ჩავთვალოთ. „ჩვენ ვნახეთ ქალი კანდიდატი, რომლიც ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგა. მორიდებით, მაგრამ ისაუბრა არსებულ პრობლემებზე, ეს ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს. მსგავსი პრაქტიკა მანამდე არ არსებობდა“. ახლა თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები არსებობს, რაც სტიმული და მაგალითია სხვა ქალებისათვის:

მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების მიერ ქალ კანდიდატთა განვითარებაზე ზრუნვა, მუშაობა ახალგაზრდული ფრთების გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით. აუცილებელია, სახელმწიფომ დაინახოს რომ არათანაბარ გარემოში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა დროებითი კვოტირება არის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მეთოდი, შესაბამისად, აუცილებელია ეფექტური მართვა, რათა დასაწყისი ეტაპისგან განსხვავებით პროცესმა არ მიიღოს სიმბოლური ხასიათი.